მოდით თავიდანვე შევთანხმდეთ იმაზე, რომ ადამიანების ქცევის გასაგებად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მათი კულტურული თუ ქცევითი ნორმები -ეს დაგვეხმარება ავხსნათ თუ რატომ იქცევიან ისინი ისე როგორც იქცევიან, ამიტომაც
ამ ამბავს დავიწყებ იმ დღიდან როდესაც გავიგე კორონა ვირუსის შესახებ. უკვე ორ წელზე მეტია ქალაქ პეკინში ვცხოვრობდი. ყველაფერი განსაკუთრებით რიგზე იყო რადგან ახალი წლის შესახვედრად ვემზადებოდით. ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული რომელიც სახლთან და ახლობელ ადამიანებთან კიდევ უფრო გაახლოვებს. პირადად ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ისეთ ქვეყანაში და ისეთ კულტურაში ვცხოვრობდი, სადაც ჩვენ ახალ წელს მხოლოდ კლუბებში აღნიშნავენ – სადაც ის ახალი წელი რომელიც ჩვენ ვიცით (ყოველ შემთხვევაში მე რომელიც ვიცი) კარგავს იმ განსაკუთრებულ სიფაქიზეს და სითბოს რომელიც მას საქართველოში აქვს და უფრო, კაი დროის ტარებაში გადადის. ჩინელი დიჯეები განსაკუთრებით ხმამაღლა უკრავენ თავიანთ სფეციფიკურ ტექნოს, რომელიც ზოგჯერ შეზავებულია დასავლურ მუსიკასთან, მაგრამ ეს მუსიკა აცდენაშია ახალი წლის სულთან და ერთი ჩვეულებრივი დღეა კლუბში – ზოგჯერ რუს მოცეკვავეებთან ერთად რომლებიც წესიერად აარასოდეს იხდიან.
ამბები კორონაზე ამ დროს ფონურად მახსოვს. დაახლოებით ასე „ჩინეთის რაღაც პროვინციაში, რაღაც ვირუსი აღმოაჩინეს და ბლა ბლა ბლა“. თუმცა, ყოველდღიურად მატულობდა ეს ამბები და მეც ფონურად დღითი-დღე ცოტ-ცოტა ვიძაბებოდი.
შემდეგ მოხდა ისე, რომ ფონურობა გაქრა და დავრჩით რაღაც ვირუსის პირისპირ რომლისგანაც თავი უნდა დაგვეცვა. გაჩნდა სიმპტომების ჩამონათვალიც და საყოველთაო რეკომენდაციებიც თუ როგორ დაგვეცვა თავი. მშრალი ყელი, სიცხე, დაღლილობა… ისიც გავიგეთ შეხებით და ჰაერ-წვეთოვანი გზებით გადადისო. მაშინვე გამახსენდა ის ყველა დაცემინება რომელსაც მეტროში მგზავრობისას შევსწრებივარ. დავფიქრდი, იქნებ გადამედო ეს ვირუსი და არ ვიცითქო. ჩინური დაცემინება ეს ცალკე ამბავია. საქართველოში თუ ბევრი ადამიანი იკავებს ცემინებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ან კიდევ ცემინებას ხელებით უკეთებს მარყუჟს, რომ ჩუმად დააცემინოს, ჩინეთში სხვანაირად ხდება. ცემინება ძალიან ხმამაღალი და მრავალჯერადია – ყოველგვარი ხელების მიშველების გარეშე (ეს უმეტეს და არა ყველა შემთხვევაში რა თქმა უნდა). ხშირად ვითვლიდი ზედმიწევნით ვინ რამდენჯერ აცემინებდა და საშუალო ხუთი დაცემინება გამომივიდა. ჩვენთან რაც დამითვლია ძირითადად 2 დაცემინება ზედმიწევნით. ჩინელებს ბავშვობიდანვე ასწავლიან, რომ ჯანმრთელობა ტოპ პირველი თუ არა, თოპ მეორე პრიორიტეტია ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩინელებს მასიურად მოსწონთ სწრაფი კვების ობიექტები – განსაკუთრებით KFC და ტკბილი გაზირებული სასმელები, პეკინის ქუჩებში (და არამარტო პეკინის), მაინც წააწყდებით უამრავ ბავშვს თუ ზრდასრულს, რომლებსაც ყოველდღიურად დააქვთ თერმოსით ჩაი, ან ჩემთვის გაურკვეველი მცენარეების ნაყენი – რომელსაც რეგულარულად სვამენ.
რაც შეეხება კვებას, იქნება ეს საუზმე, სადილი თუ ვახშამი, ისინი მუდამ ცდილობენ საკვები იყოს სასარგებლო. როცა ვინმეს ვსტუმრობდი სახლში ან სადმე რესტორანში ვხვდებოდით ერთმანეთს, ყოველთვის მესმოდა ჩემი ჩინელი ბიზნეს პარტნიორისგან თუ სხვებისგან – ეს წვნიანი ძალიან კარგია კუჭისთვის, ეს ხორცი ძალიან კარგია ძვლებისთვის, ეს მიდია ძალიან კარგია სექსუალური პოტენციისთვის და ა.შ.
ჩინელები ჯანმრთელობაზე სხვა კუთხითაც ზრუნავენ. რომ გაისეირნოთ პეკინის ქუჩებში ან პარკებში, წააწყდებით ადამიანებს რომლებიც ვარჯიშობენ ცი გუნს და ტაი ჩის. წააწყდებით ძალიან ბევრ ასაკში შესულ ადამიანს რომლებსაც ფეხი აქვთ შემოდებული იმ სიმაღლეზე, რომ ბევრ ახალგაზრდას გაუჭირდება მსგავსის გაკეთება. ავტობუსში თუ მეტროშიც ნახავთ ხალხს რომლებიც მუშტებს მსუბუქად იბაკუნებენ მუცელზე, თეძოებთან, ღვიძლთან. ჯანმრთელობაზე ზრუნვა უამრავი ჩინელისთვის ყოველდღიურობაა – მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ეწევა სიგარეტს.
რატომ გიყვებით ამყველაფერს – ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ჯანმრთელობის მნიშვნელობის გაცნობიერება იყო ერთ-ერთი მთავარი ამბავი რაც დაეხმარა ამხელა ქვეყნის ამხელა მოსახლეობას ემოქმედა ორგანიზებულად. შემოვიდა თუ არა რეკომნდაციები დისტანცირებაზე და სახლში ყოფნაზე, ხალხი ამას დაემორჩილა მასობრივად – თუმცა იყო რაღაც ერთეული შემთხვევებიც როდესაც ვიღაცეებმა სადღაც დაარღვიეს ვირუსთან დაკავშირებული რეგულაციები.
ჩემი ჩინელი ნაცნობები იქაურ სოციალურ ქსელში ხშირად მწერდნენ, რომ კარგად გავფრთხილებოდი ჯანმრთელობას, მესვა ბევრი სითხე, მიმეღო ჯანსაღი საკვები და ა.შ. ეს იყო მეორე რამ რამაც სხვანაირად აღმომაჩენინა ჩინელი ხალხი – პირველზე ქვემოთ გიამბობთ.
მოკლედ ჩვეულებრივი მოქალაქეები ერთმანეთთან მიმოწერაში თხოვდნენ ერთმანეთს კარგად გაფრთხილებოდნენ ჯანმრთელობას და სთხოვდნენ დაეცვათ დადგენილი რეგულაციები. მოქალაქეების პასუხისმგებლობა იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა ვირუსთან წარმატბით ბრძოალში.
ამ დროს ვფიქრობდი, რომ ჩვენ ეს კულტურა არ გვაქვს საქართველოში. სინანულით არა სხვათაშორის – უბრალოდ გამიელვა თავში. ისიც ვიფიქრე, რომ შეიძლება ჯანმრთელობის მნიშვნელობაც არ გვაქვს კარგად გაცნობიერებული, რადგან იქ სადაც ესმით ჯანმრთელობის ფასი, ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ყოველდღიურობის ნაწილი. დავფიქრდი, რამდენადაა ჯანმრთელობა ყოველდღიურობის ნაწილი ჩვენთან საქართველოში? ბოლოს დავასკვენი, რომ სავარჯიშო დარბაზების მკვეთრი მატება არ არის ამის დასტური. ყველაზე კარგად როგოც ვნახე ჯანმრთელობის დაფასება და მასზე ზრუნვა კრიზისულ სიტუაციაში ვლინდება.
ამ კუთხით რომ შევადაროთ ჩინეთი და საქართველო, უნდა ვთქვათ, რომ ჩინეთში მასიური იყო საკუთარი და სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საქართველოში არც ისე მასიური, მაგრამ პირადი გამოცდილებით, სასიამოვნოდ გავოცებულვარ ჩვენი ორგანიზებულობითაც.
ახლა გიამბობთ პირველ გაოცებაზე რომელიც ზევით ვახსენე.
ეს იყო მთავრობის ორგანიზებულობა და ხალხის რეაქცია მთავრობის რეკომენდაციებზე. სუფთა მენეჯმენტური კუთხით ძალიან საინტერესო იყო. როდესაც დაიხურა ყველაფერი და გაიცა რეკომენდაცია რომ ხალხი უნდა მორიდებოდა გარეთ გასვლას, ეს ყველამ ძალიან სერიოზულად აღიქვა. პეკინში ცხოვრობს 22 მილიონი ადამიანი, ეს ოფიციალურად. ამას დავუმატოთ 3-4 ან კიდევ მეტი მილიონი რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები და ძალიან დიდ ციფრს მივიღებთ.
მე პეკინის ცენტრში ვცხოვრობდი-იქ, სადაც სიცოცხლე დუღდა და მოხდა ისე, რომ ერთი თვის მანძილზე ვუყურებდი დაცარიელებულ ქუჩებს, სადაც დღის მანძილზე თითზე ჩამოსათვლელად თუ ნახავდი ვინმეს.
ჩინელების მთავრობისთვის დაჯერებას თავის წარსული აქვს და ეს უკავშირდება მაოს, რომლის დროსაც განსაკუთრებით მწარედ ასწავლეს ჩინელებს ავტორიტეტების მორჩილება. ეს უკავშირდება იმპერატორების ეპოქებსაც რა დროსაც ხალხი საუკუნეების მანძილზე სწავლობდა იმას, რომ უნდა დაემორჩილო ავტორიტეტებს. დიახ ჩინეთი არის ავტორიტარული ქვეყანა და ჩემი მოკრძალებული აზრით ამან დიდი როლი ითამაშა ვირუსის მართვაში.
ხალხი სახლში დაჯდა. ჩაიკეტა საცხოვრებელი სახლების ეზოები სადაც უცხოს არავის უშვებდნენ და შენც საშვით გიწევდა შესვლა საკუთარ სახლში. თითოეულ ეზოს გამოეყო მენეჯერი რომელიც არეგულირებდა, რომ არავინ შესულიყო საცხოვრებელ კომპლექსში სიცხიანი, ან კიდევ ის, ვინც იქ არ ცხოვრობდა. ოჯახის წევრებიც კი ვერ შეიკრიბებოდნენ ერთად თუ სხვადასხვა მისამართებზე იყვნენ რეგისტირებულები. მაღაზიებში შესვლამდე, ყველგან გიზომავდნენ სიცხეს და იწერდნენ შენ ტელეფონს, რომ საჭიროების შემთვევაში ადვილად გაყოლოდნენ ვირუსის კვალს.
ეს ყველაფერი ხალხმა მიიღო. არ იყო პროტესტი, არ იყო უკმაყოფილება. სხვა გზა ნაკლებად ქონდათ თავიანთი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. მე ფსიქოლოგი ვარ და ვმუშაობ პერსონალის მართვის კუთხით. მენეჯმეტში არის მართვის სხვადასხვა სახეობები და ერთ-ერთი არის დირექტიული მართვა – ზოგჯერ ავტორიტარულ მართვას ეძახიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მართვის ამ სტილის დროს გადაწყვეტილებას ღებულობს ხელმძღვანელობა – რა დროსაც არ არის საშუალება ყველამ გამოთქვას მისი აზრი ან მოიქცეს ისე როგორც სურს.
კრიზისის დროს აუცილებელია სწრაფი და ძალიან მკაფიო მოქმედება. არის დირექტივები რომლებიც უნდა შეასრულო. თუ ამას აკეთებს საზოგადოება, მას აქვს ძალიან კარგი შანსი თავი დაიძვრინოს კრიზისისგან. ამის ანტი მაგალითია იტალია, სადაც ხალხი დიდი ყურადღებით არ მოეკიდა მთავრობის რეკომენდაციებს და რითაც დამთავრდა ეს, ყველამ ვნახეთ. ჩინეთში სახელმწიფო იყო მკაცრი და კანონი კანონობდა ყველაზე. ბოლოს ისიც გავიგე თითქოს დახვრეტა შემოიღეს ვინც კარანტინს დაარღვევსო. ეს სიმკაცრე და ამდენი ავტორიტარიზმი არ გამოიყურება ჩვენთვის მიმზიდველად – ვგულისხმობ ქართველებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამან თავის საქმე გააკეთა. თუ საჭირო დროს საჭირო მართვის სტილს არჩევ, შედეგსაც შესაბამისს ღებულობ.
ეს უფრო მთავრობას ეხება რადგან, კრიზისის დროს მთავარი არის მთავრობის ძალიან მკაფიო და ორგანიზებული მოქმედება.
ჩვენი ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ცოტა რთულია ამ ყველაფრის მიღება რადგან ჩვენ ჩინეთი არ ვართ და არც უნდა ვიყოთ. თუმცა შეგვიძლია ვისწავლოთ რაღაცეები.
რომ შევაჯამოთ ეს ყველაფერი ვთქვათ, რომ ასეთ დროს მთავარი არის საზოგადოების და მთავრობის ერთიანობა და კოორდინირებული მოქმედება. რამდენადაც მარტივად ჟღერს, იმდენად რთულია ეს ყველაფერი ზოგი ხალხისთვის – ისევ იტალიას გავიხსენებ.
თუმცა ჩვენ ქართველები ვართ და არ ვართ იტალიელები. გარდა იმისა, რომ შეგვიძლია სხვების გამოცდილებაზე ვისწავლოთ, ჩვენ გვაქვს ბევრი ისეთი გამოცდილება რომელთა გაღვიძების შემთხვევაში შევძლებთ ბევრად წარმატებით გავართვათ თავი ამ სიტუაციას.
ავტორი:საბა ჩიხლაძე